ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 8 მარტს მასშტაბურ აქციას გეგმავს

608

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჭიათურის  სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებსაც უკვე მე-17 დღეა შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაში არსებული 17-ვე მაღარო პარალიზებული აქვთ, 8 მარტს აქციას ჭიათურის მერიასთანაც გამართავენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

ეს მერიის წინ მათი რიგით მეორე გამაფრთხილებელი აქცია იქნება და ისინი ცენტრალურ მთავრობას პრობლემით დაინტერესებისკენ და მედიატორის როლის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

“მთელი სოფელი იქნება გამოსული. ძალიან დიდი აქცია იქნება. ამ აქციით კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩვენოთ კომპანიას, რომ მთელი სოფელი არის ერთიანი და ვიდგებით ბოლომდე ჩვენი უფლებების დასაცავად”, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ოსეფაშვილი.

შუქუთელების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და დაზარალებულ 282-ვე ოჯახს ზიანს არ აუნაზღაურებს.

შუქრუთის მცხოვრებლებს მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთში არსებული ყველა მაღარო. მოსახლეობა ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები “ჯორჯიან მანგანეზს” შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს “ჯორჯიან მანგანეზი” ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.