თბილისის მერიის უწყებაში შემავალი ყველა შესაბამისი სამსახური კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მუშაობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.
მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.
„მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა კალაძემ.