კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში დეზინფექცია ჩატარდა

719

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები “თბილსერვის ჯგუფმა” 54 მიწისქვეშა გადასასვლელში შეასრულა.

კომპანიის ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი – პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა.