რა გაკეთდება ახალციხის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში

499

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, ახალციხის 45 სოფელში 989 741 ლარი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი გარეგანათების მოწყობას, სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

პროგრამის ფარგლებში, ხუთ სოფელში უნდა მოწესრიგდეს შიდა გზები, ესენია: დიდი პამაჯი, ყულალისი, წინუბანი, წყალთბილა და წირა. ხუთივე პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 112 138 ლარი იქნება.

სოფელში არსებული სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ სხვილისსა და პატარა პამაჯში, სოფელ ნაოხრებს კი ახალი სკვერი ექნება, ამისთვის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ერთობლივად 50 004 ლარს დახარჯავს.

სასმელი წყლის სისტემას ჩაუტარდება რეაბილიტაცია სოფელ ხეოთში, წყორძაში, საძელში, ხაკში, ანსა და აგარაში, რისთვისაც ჯამში 140 576 ლარია განსაზღვრული.

სარწყავი და სანიაღვრე სისტემების შეკეთება იგეგმება ჭაჭარაქში, ღრელში, მინაძეში, ორალში, სხვილისში, ტატანისში, ბოგასა და ვალეში, რაშიც ჯამში 118 463 დაიხარჯება.

135 265 ლარი დაიხარჯება სოფლებში: მიქელწმინდა, სვირი, გიორგიწმინდა, ფერსა, აწყური, ტყემლანა. ხუთ სოფელში სასაფლაოს გზის მოხრეშვის, სასაფლაოს ღობის და სამეურნეო შენობის აშენების პროექტები განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში გარე განათება მოეწყობა რვა სოფელში, ესენია: ურაველი, აბათხევი, ზიკილია, თისელი, ხაკი, სხვილისი, გურკელი და წინუბანი. ქსელის მოწყობაში 130 312 ლარის დახარჯვა იგეგმება.

სოფელ ივლიტასა და წყრუთში მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. სოფელ კლდეში კი სამი მოსაცდელი გაკეთდება, სამივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 83 305 ლარია.

პირუტყვისთვის საძოვრებზე წყალსაცავის მოწყობა შეარჩიეს პრიორიტეტად სოფელ მუსხში, რაშიც 20 774 ლარი დაიხარჯება. სოფელ მუგარეთში კი „სოფლის სახლს“ შეაკეთებენ 23 805 ლარად.

სოფელ წნისში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციისთვის 31 029 ლარს დახარჯავენ.

მილხიდს მოაწყობენ სოფელ საყუნეთში, რაშიც ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 31 029 ლარია გამოყოფილი.

სოფელ ზიკილიაში კი კიდევ ერთ პრიორიტეტად საყრდენი კედლის მოწყობა შეარჩიეს, რაშიც 14 779 ლარი დაიხარჯება.

16 სოფელში განხორციელდება სასმელი წყლის და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პრიორტეტები შეირჩა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად.