თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტობუსების გადაცემის მოთხოვნით მერიას 10-მა მუნიციპალიტეტმა მიმართა, ხოლო ორს უკვე გადაეცა ჯამში 9 ავტობუსი.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მერიაში ახადებენ, რომ პასუხი მათ მას შემდეგ ეცნობებათ, რაც თბილისში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი სრულად დამთავრდება.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტი უკვე ჩაიყვანეს. კერძოდ, 5 ავტობუსი თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა, საიდანაც 4 სოფლების მიმართულებით ივლის, მე-5 კი, გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, ნაჩუქარი ავტობუსები მუნიციპალიტეტში ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ჩაიყვანეს.
ოზურგეთის გარდა, 4 ავტობუსი თბილისის მერიამ თებერვალში ონის მუნიციპალიტეტსაც გადასცა.
სამი ავტობუსი ონი-უწერა-შოვის, ონი-ირის და ონი-ამბროლაურის მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ერთი კი სათადარიგო დარჩება და საჭიროების შემთხვევაში ქალაქში იმოძრავებს.