საქართველოს პარლამენტის წევრები მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილებების“ განხორციელებას ითხოვენ. დეპუტატები ინიციატივით გამოდიან, 2013 წლამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, რომელთა დასრულებაც ვერ მოხერხდა, კ2-ის (K2 – მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) მოსაკრებელი გაუქმდეს.
მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება მშენებლობების დასრულებას შეუწყობს ხელს.
„დაუსრულებელი მშენებლობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 179 ერთეულს წარმოადგენს. თბილისის მერიამ მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომ დასრულდეს ეს მშენებლობები. ფუნქციონირებს სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ინდივიადუალურ მშენებლობას და იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა ამ მშენებლობებისთვის, რომ დასრულდეს. იგი ითვალისწინებს 2013 წლამდე გაცემულ ნებართვებზე, რომელთა მშენებლობის დასრულება დღემდე ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს წინაშე არსებული K2-ის მოსაკრებლის ვალდებულებისგან გათავისუფლებას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ერთი მხრივ სტიმულს მისცემს ბიზბესსექტორს, დაასრულონ მშენებლობები, მეორე მხრივ კი, დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებულ მოსახლეობას ბინებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა ეძლევა.