საქართველოში ხაჭაპურის დღის დაწესებას ითხოვენ

771

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 27 თებერვალს ხაჭაპურის დღედ გამოცხადებას ითხოვს, ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა დალილა ცატავამ სამეცნიერო კონფერენციაზე „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ხაჭაპურს ყველა კუთხეში აქვს თავისი ვარიაციები, ყველაზე მეტი ვარიაცია არის რაჭაში, 8 – მდე აქვს სამეგრელოს, 6 – სვანეთს. აქ არ არის საუბარი ლობიანზე, ან კუპდარზე, საუბარია ყველის გულსართიან სარიტუალო კერძზე. ხაჭაპური არის უძველესი, საკრალიზებული პროდუქტი, რომელსაც ერი საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს პერიოდი ყოველთვის ემთხვევა ყველიერის კვირას, ამიტომაც გადავწყვიტეთ 27 თებერვალი ხაჭაპურის დღედ გამოვაცხადოთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს დღე გახდეს საყოველთაო“, – აცხადებს დალილა ცატავა.

მისივე თქმით, ხაჭაპურის ფესტივალი, რომელიც შარშან რუხში გაიმართა, ყოველწლიურად ჩატარდება.

„ზუგდიდი სპეციალურად არის შერჩეული, აფხაზეთის საზღვართან, რადგან უამრავმა ადამიანმა, ფესტივალზე დასასწრებად გადმოლახა საზღვარი. ფესტივალი ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში გასტრონომიის, ტურიზმის განვითარებას,”- ამბობს ცატავა.

გასტრონომიის ასოციაცია მუშაობს ასევე, რომ ხაჭაპურის მომზადების ტრადიციას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭოს.

22 იანვარს, საქართველოში „ხაჭაპურის ტრადიციას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.