თელავში საუკუნოვან სახლს ანგრევენ

1182

თელავში, გულგულის კომუნის დამაარსებლის სახლს ანგრევენ. სახლი, რომელიც თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ამჟამად, კერძო პირის საკუთრებაშია და მის ადგილას მფლობელი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

ისტორიკოს-მკვლევარები, რომლებიც თელავის ისტორიას სწავლობენ, აცხადებენ, რომ წლებია ამ სახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებას ითხოვენ.

პროფესორი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი სახლების ნგრევა თელავის ისტორიას ანადგურებს.

ეს სახლი, თელავის ისტორიის ნაწილია. ბევრჯერ დავაყენეთ საკითხი, მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ. საერთოდაც, ქალაქში სახლების გადაფასება უნდა მოხდეს, თორემ ისტორიულ შენობებს სულ დავკარგავთ“,- განაცხადა ვახტანგიშვილმა.

სამუშაო ბრიგადის ხელმძღვანელმა, გიორგი ბადურაშვილმა, რომელიც სახლის დემონტაჟზე მუშაობს, ადასტურებს, რომ ნგრევის პროცესი შენობის იმ ნაწილსაც უქმნის საფრთხეს, რომლის ნგრევა არ მიმდინარეობს.

„როგორც ვიცი, შენარჩუნდება მხოლოდ ფასადი, თუმცა ეს ნგრევა, მთლიანად შენობას საფრთხეს უქმნის, რადგან ბზარები აქვს და რესტავრაციას საჭიროებს“,- აღნიშნა ბადურაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, ივანე კოლელიშვილის სახლთან დაკავშირებით, ისტორიკოსების ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა.

“ოფიციალურად არავის მოუმართავს. გარდა ამისა, ნაგებობა რომ ძეგლად გამოცხადდეს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება შენობების გადაფასებას, როცა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცდება, ყველაფერი უკეთესად გამოჩნდება“,- განაცხადა გაგნიძემ.

ივანე კოლელიშვილმა 1905 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, დაარსა საქართველოში პირველი კომუნა, რომელსაც მსოფლიო თვითმმართველობის ისტორიაში ანალოგი არ აქვს.

ქვეყნის გასაბჭოებისა და კოლექტივიზაციის შემდეგ, კომუნა დაიშალა, თავად დამაარსებელს კი, საბჭოთა ხელისუფლება სდევნიდა.