თბილისის საკრებულო ინტენსიურად მუშაობს საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით და ერთი წლის წინ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე 15 ქუჩას, რომელთა სახელებიც სხვადასხვა ფორმით ასოცირებული იყო საბჭოთა ოკუპაციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი პირების სახელები ეწოდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულო სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის „ვალდეკ რუსოს“ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ამა თუ იმ ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით, მსურველებმა განცხადებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას უნდა მიმართონ. მისივე თქმით, კომისია საკრებულოში შემოსულ ნებისმიერ განცხადებას განიხილავს.
„ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოფიციალურად შემოდის სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სახელზე, კომისიის ფარგლებში განიხილება და შემდეგ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ვერც კომისიის თავმჯდომარე. საკითხი განიხილება კომისიურ რეჟიმში, შემდეგ უკვე საკრებულოს სხდომაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ოფიციალურად უნდა მოგვმართონ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ის თემები, რასაც ისინი მოითხოვენ, ჩვენთვის უცხო არ არის და საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრა „ვალდეკ რუსო“ 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა.