პარტია „ევროპული საქართველო“ საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას იმ გემის – „ვალდე-კრუსოს“ სახელი ეწოდოს, რომელიც 1921 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა.
როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ეს გემი „ვალდე-კრუსო“ იმსახურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს.
„დღეს არის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს ჩვენ გვსურს გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან ერთი კონკრეტული წაშლილი ეპიზოდი. კერძოდ, ამ ომში საფრანგეთის ფლოტის მონაწილეობა საქართველოს მხარეს. ჩვენ გვსურს შევთავაზოთ ქალაქ თბილისის საკრებულოს, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ფრანგული ჯავსნოსანი კრეისერის სახელი, რომელმაც ჩამოასწრო ამ ომში მონაწილეობის მიღების მიზნით, რომელიც გამოაგზავნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, არისტიდ ბრიანიმ, საქართველოს დიდმა მეგობარმა, საქართველოს დე იურედ აღიარების ინიციატორმა. ეს ფრანგული გემი აფხაზეთში შემოჭრილ წითელ არმიას ბომბავდა ზღვიდან, რამაც საშუალება მისცა საქართველოს ჯარს, რომ გაგრა აეღო კონტრშეტევით 28 თებერვალს, როდესაც თბილისი უკვე დაცემული იყო. ეს არის საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი მათ შორის იმიტომაც, რომ გვახსენებს, რომ ევროპის ცივილიზებული ერები იდგნენ საქართველოს გვერდით და ვფიქრობთ, რომ ეს ეპიზოდი და ეს გემი „ვალდე-კრუსო“ იმსახურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი. „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს სთავაზობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ამ გემის, „ვალდე-კრუსოს“ სახელი“,- განაცხადა კანდელაკმა.
ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.