პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა გაიყიდება და ამაზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ამის შესახებ გახარიამ ბათუმის ამხლობლად “ოცნების ქალაქის” მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა.
2019 წლის იანვრიდან კი ქუთაისში პარლამენტის შენობა დაკონსერვებულია.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.