გახარია: “ოცნების ქალაქში” ზუსტად ერთ წელში და 6 თვეში აშენდება 582 ბინა

735

“რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქ ვიყავით და დაგპირდით, რომ აქ დაიწყებოდა მშენებლობა და მოგცემდათ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, რომ თქვენ ღირსეული ცხოვრება.  ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში,”- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელიც ბათუმში იმყოფება.

მისი თქმით, “ოცნების ქალაქში” ზუსტად ერთ წელში და 6 თვეში აშენდება 582 ბინა.

“დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში რომ აქ აშენდებოდა “ოცნების ქალაქში” ზუსტად ერთ წელში და 6 თვეში გპირდებით, რომ აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, თქვენი ბავშვების. თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება იცხოვროთ ღირსეულად 2021 წელს აქ დაიწყება სკოლისა და ბაღის მშენებლობა, აი ამ ბავშვებისთვის ვინც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია “ოცნების ქალაქში” მივიდა და იქ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მშენებლობისთვის კაპსულა ჩააგდო.

ე.წ. ოცნების ქალაქი 2012 წელს შეიქმნა, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები შეიჭრნენ და იქ მუყაოსგან მცირე ზომის საცხოვრებლები შეკრეს. ამის გამო ტერიტორიას ჯერ “მუყაოს ქალაქი” ეწოდა, მოგვიანებით კი “ოცნების ქალაქი” დაარქვეს.

8 წლის განმავლობაში, იქ შესახლებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა და დღეის მონაცემებით, ტერიტორიაზე 1750-მდე ქოხია ჩადგმული.

მათთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, 2019 წელს დაანონსა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თუმცა ტენდერი ორჯერ ჩავარდა. მესამე ტენდერი შპს “დაგმა” მოიგო და მშენებლობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

გადაწყვეტილების თანახმად „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია.

პროექტით გათვალისწინებულია 582 ბინისაგან შემდგარი სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.