გრიგოლ მახარაძე: თუ ოზურგეთს გენგეგმა არ ექნება, შესაძლოა, ქალაქი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს

2538

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ გააჩნია და ახალ-ახალი მშენებლობები რაიმე ერთიანი ხედვის მქონე დოკუმენტის გარეშე ხდება, რამაც შედეგად ქაოტური განაშენიანება, გამწვანებული ზონებისა და საჯარო სივრცეების მნიშვნელოვანი შემცირება მოიტანა.

საჯარო სივრცეებ მშენებლობებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები წლებია, აპროტესტებენ ქალაქ ოზურგეთშიც. წელს კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია “პროგრესის სახლმა”, “ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსებით, დაიწყო კამპანია, რომელიც ქალაქის გენგეგმის მიღების აქტუალიზაციას გულისხმობს.

პროექტს, რომლის სახელწოდებაა “ქალაქ ოზურგეთში გენერალური გეგმის მიღების პროცესის ადვოკატირება”, ორი მთავარი ამოცანა აქვს: პირველი – ადგილობრივი ხელისუფლება გენგეგმის მიღების საჭიროებაში დაარწმუნონ და მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტში ასახოს გენგეგმის მომზადებისთვის საჭირო თანხა და მეორე – გაიზარდოს საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ.

როგორც პროექტის მენეჯერი გრიგოლ მახარაძე ამბობს, მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტი უკვე წარადგინეს და საბჭოს წევრებისგან მხარდაჭერაც მიიღეს. ახლა მთავარი საკითხია, მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდება თუ არა გენგეგმის შემუშავებისთვის ფინანსების გამოყოფა.

რა ფიქრობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გენგეგმის მიღებაზე, რა პრობლემები აქვს ქალაქს ამ დოკუმენტის არარსებობის გამო და რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე დოკუმენტის შექმნა, – droa.ge-სთან პროექტის მენეჯერი, გრიგოლ მახარაძე საუბრობს.

– საქართველოში მუნიციპალიტეტების უმეტესობას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ გააჩნია და ისმის განცხადებები, რომ სწორედ ამიტომაც, ქალაქების განაშენიანება ქაოტურად ხდება. თქვენმა ორგანიზაციამ ოზურგეთში წამოიწყო კამპანია, რომელიც გენგეგმის მისაღებად საკითხის აქტუალიზაციას გულისხმობს. ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხედავენ თუ არა გენგეგმის მიღების აუცილებლობას და როგორ რეაგირებენ თქვენს აქტიურობაზე?

– თვითმმართველობის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და შეხვედრებზე აღიარებენ გენერალური გეგმის აუცილებლობას, რაც, წინა წლებთან შედარებით, უკვე პროგრესია. 2-3 წლის წინათ სწორედ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ გენგეგმა არ არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხი, დღეს კი აღიარებენ, რომ მნიშვნელოვანია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შექმნა ცალკე ა(ა)იპ-ი და, როგორც ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, ამ ა(ა)იპ-ის დანიშნულებაა, ყველა პირობა შექმნას გენგეგმის მიღებისთვის, თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, იმით შემოიფარგლებიან, რომ ქალაქის ქუჩებს, როგორც მიწის ნაკვეთებს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არეგისტრირებს. ქუჩები, მოედნები და ტროტუარები საჯარო რეესტრში ამ დრომდე დაურეგისტრირებელი იყო. მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა რაღაც მიწები, ყოფილი ქარხანა თუ სხვა დაწესებულებები, მაგრამ ესეც სისტემატიზებულად და მოწესრიგებულად აღრიცხული არ იყო. ახლა ყველა ცარიელი მიწის ნაკვეთის აღწერა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირება ხდება.

– რატომ არის მნიშვნელოვანი, ქალაქს ჰქონდეს გენგეგმა და რა პრობლემებს ქმნის მისი არარსებობა?

– ოზურგეთისთვის წლების განმავლობაში ძალიან აქტუალური საკითხი იყო პარკებში მშენებლობები. ქალაქის ცენტრში სულ რამდენიმე პატარა პარკი არსებობს და წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოსა თუ კერძო დეველოპერების მხრიდან ისმებოდა ამა თუ იმ ტიპის მშენებლობის საკითხი, რასაც მუდმივად თან ახლდა სამოქალაქო პროტესტიც, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება. შემდეგ ეს საკითხი ყოველთვის იმ პრობლემამდე მიდიოდა, რომ ამ სივრცეებს არ აქვს არავითარი სტატუსი. ამის შემდეგ იწყებოდა მსჯელობა, კონკრეტული სივრცე არის თუ არა პარკი, აქვს თუ არა, ან რატომ არ აქვს შესაბამისი დამცავი რეგულაციები მუნიციპალიტეტს. სწორედ ამ გამოწვევების გამო დავიწყეთ ფიქრი საკითხზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს რაღაც რეგულაციების დოკუმენტი.

ეს პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დავიწყეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვამზადეთ ნორმატიული აქტი, პეტიციისთვის საჭირო ხელმოწერებიც შევაგროვეთ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარვუდგინეთ. ნორმატიული აქტი ითვალისწინებდა გარკვეულ რეგულაციებს ამ პარკებში მშენებლობისთვის, ამ საზოგადოებრივი სივრცეების განკარგვისთვის და ა.შ. თუმცა, მაშინ ეს დოკუმენტი საკრებულომ არ მიიღო.  ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, თუ რატომაც დავიწყეთ ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ გენერალური გეგმის არსებობა ასეთ საკითხებს მეტნაკლებად ჩარჩოში მოაქცევს.

გარდა პარკების მშენებლობებისა, არსებობს სხვა საკითხებიც, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის, აგრეთვე, ტროტუარების საკითხები. ხშირია შემთხვევა, როცა მშენებლობებს ტროტუარები ეწირება ხოლმე. შესაძლოა, დღეს ოზურგეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა არ არის, მაგრამ, თუ გარკვეული რეგულაციები არ იქნება მიღებული, შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს და ქალაქი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

– ამბობთ, რომ 2017 წლიდან დაიწყეთ აქტიურობა. კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი პროექტი?

-დღემდე ამას პროექტის ფარგლებში არ ვაკეთებდით, ადამიანები ორგანიზაციების გარეშეც ვიყავით პროცესში ჩართულები. ვცდილობდით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები წამოგვეწია და ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დაგვესვა. ახლა პროექტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ორგანიზებულად მოვთხოვოთ მუნიციპალიტეტს, ბიუჯეტში გენგეგმის მიღებისთვის საჭირო თანხები გამოყოს.

ჩავატარეთ ორი ტიპის კვლევა. პირველი არის ურბანული კვლევა, რომელმაც მონიშნა საკითხები და თემები, რომლებიც ქალაქის მდგრადი ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და რომლებსაც მუნიციპალიტეტმა გენგეგმის მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. ესენია: სარეკრეაციო სივრცეების საკითხი, კულტურული მემკვიდრეობა, სატრანსპორტო საკითხები, მცირე მდინარეების საკითხი, ეკონომიკური განვითარების კომპონენტი და ა.შ. მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის მიმართ. ადგილობრივ თვითმმართველობას ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტი დიდ დახმარებას გაუწევს გენგეგმის შესაძენად გამოსაცხადებელი სატენდერო ტექნიკურ დავალების მომზადებაში.

გარდა ამისა, მოვამზადეთ სამართლებრივ კვლევა, რომელიც დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ასახული ის სამართლებრივ პროცედურები, რაც უნდა გაიაროს მუნიციპალიტეტმა, რათა გენერალური გეგმის მომზადება და დამტკიცება შეძლოს. კურორტ გომისმთასთან დაკავშირებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამის საჭიროება იყო.  მუნიციპალიტეტმა გომისმთის გენერალური გეგმა ტენდერის მეშვეობით შეიძნა, თუმცა, ვერ დაამტკიცა, რადგან ზოგიერთი სამართლებრივ პრობლემა ვერ მოაგვარა. ამ ჩვენი ორი კვლევით კი, პრაქტიკულად, გამზადებულ დოკუმენტებს მივაწვდით რეკომენდაციების სახით მუნიციპალიტეტს და ახლა მხოლოდ მათი პოლიტიკური ნებაღა იქნება საჭირო ამ  პროცესის დაწყებისთვის.

გარდა ამისა, ამ პროექტით ვაპირებთ, საზოგადოებასაც უფრო ფართოდ გავაცნოთ, თუ რას ნიშნავს ეს გენგეგმა, რა კონკრეტულ პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს, თუ ოზურგეთს ასეთი ტიპის დოკუმენტი ექნება. დაწყებული გვაქვს გაზეთ gurianews-ში საგაზეთო ჩანართის ბეჭდვა, სადაც პერიოდულად, ვიზუალურად მარტივად აღსაქმელი ინფოგრაფიკების სახით, ვაქვეყნებით კვლევების ძირითად მიგენებებს და ამ გზით ვცდილობთ საზოგადოების ინფორმირებას. ვგეგმავთ, რომ მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და მათთან და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან ერთად მოვთხოვოთ მუნიციპალიტეტს, რომ მან შემდეგი წლის ბიუჯეტში გენგეგმის საკითხები ასახოს.

– მერის მრჩეველთა საბჭოსთან პირველი შეხვედრა უკვე გქონდათ. რაიმე შეთანხმება თუ შედგა?

– იანვრის ბოლოს იყო შეხვედრა მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში. საბჭოს წევრებს ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ და მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ. მრჩეველთა საბჭო ორ თვეში ერთხელ იკრიბება და მერს გარკვეულ რეკომენდაციებს აწვდის. ამ მექანიზმის გამოყენებით ვცდილობთ, მერია კიდევ უფრო დავარწმუნოთ საკითხის აქტუალურობაში.

– მერის პოზიცია როგორია?

– მერის პოზიცია ვიცით ზოგადად, რომ აღიარებს გენგეგმის მნიშვნელობას, თუმცა, ჩვენი ამოცანაა, შემდეგი წლის ბიუჯეტში რაღაც თანხა გაჩნდეს. ამაზე რა პოზიცია აქვს, ჯერ არ ვიცით და გამოჩნდება.

-მუნიციპალიტეტში არ ჰყავთ კვალიფიცური კადრი, ვინც დოკუმენტს მოამზადებს?

-ზოგადად მუნიციპალიტეტებს გენგეგმის მიღებისა და დამტკიცების გამოცდილება არ აქვთ. გურიაში ორად ორ ტერიტორიაზე მოქმედებს გენგეგმა, ურეკი-შეკვეთილის საკურორტო ზონასა და ბახმაროს ზონაში და ორივე შემთხვევაში ცენტრალიზებულად, ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა სატენდერო დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტს ასეთი გამოცდილება არ აქვს. პირველი მცდელობა, თავისი ინიციატივით, გომისმთასთან დაკავშირებით ჰქონდა და იურიდიული საკითხების გამო ბოლომდე მიყვანილი არ არის, ამიტომ ვცდილობთ, რომ ქალაქ ოზურგეთის შემთხვევაში ეს დავაზღვიოთ.

– სხვა მუნიციპალიტეტებში რა ხდება ამ მხრივ?

– მუნიციპალიტეტების უმრავლესობას გენერალური გეგმა არ აქვს. საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული ვალდებულება არსებობს, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს გენგეგმა, ამიტომაც ეს საკითხი უკვე ბევრგან ხდება მნიშვნელოვანი და იწყებენ პროცესს.

მაგალითად, ზუგდიდსა და თელავში მიმდინარეობს გენგეგმაზე მუშაობა. ფოთს და რუსთავს უკვე აქვს, ერთ-ერთი საგაზეთო ჩანართი სწორედ ამ თემაზე გამოვეცით, საქართველოს რუკაზე ავსახეთ ის ქალაქები, დაბები და კურორტები, სადაც უკვე მოქმედებს გენერალური გეგმა, და ასევე, ის დასახლებული პუნქტები, სადაც ამჟამად მიმდინარეობს შემუშავების ან დამტკიცების პროცესი. გვინდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ასევე, საზოგადოებასაც, დავანახოთ, რომ გენერალური გეგმის მიღება არ არის ისეთი წარმოუდგენელი ფუფუნება, როგორიც ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირს ჰგონია და, რომ საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე დაძრულია ამ მხრივ პროცესები.

– თქვით, რომ ადრე გენგეგმის საჭიროებას არ ხედავდნენ. ცოდნის დეფიციტი იყო მიზეზი თუ ვიღაცების ფინანსური ინტერესები?

– არც ერთი არ არის გამოსარიცხი და შეკითხვის ორივე შემადგენელი ნაწილობრივ მართალია. ერთი მხრივ, არის ხედვის ნაკლებობა, რომ ქალაქს ერთიანი განვითარების ხედვა და ჩარჩოში მოქცეული რეგულაციები სჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი სწორად დაიგეგმოს და მეორე მხრივ, ცხადია, არის იმ ადამიანების და გარკვეული ფინანსური ჯგუფების ინტერესი, რომლებსაც  ხელს არ აძლევს გენგეგმა და ასეთ პირობებში მოქმედება ურჩევნიათ.

– გენგეგმის მომზადება დაახლოებით რამდენი დაუჯდება მუნიციპალიტეტს?

– როგორც ვიცით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ჩატარებული აქვს ფასთა გამოკვლევა და ოზურგეთისთვის გენგეგმის მომზადებას 500 000-დან 700 000 ლარამდე დასჭირდება, რაც მუნიციპალიტეტისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ არის. ოზურგეთის გასული წლის ბიუჯეტის შესრულება დაახლოებით 45 მილიონი ლარი იყო. თანხა მუნიციპალიტეტმა უნდა გაიღოს, თუმცა, რეგფონდიდანაც შეუძლია ამ თანხის მოთხოვნა. გარდა ამისა, გენგეგმის მიღება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და შესაძლებელია, რომ თანხა ორ ეტაპად დაიხარჯოს. ჩვენ მთავარ წინაღობად ფინანსურ საკითხს არ ვხედავთ. 

– პანდემიამ როგორ იმოქმედა მუნიციპალურ ბიუჯეტზე და რამდენად ექნება ფინანსური შესაძლებლობა, რომ გენგეგმის მოსამზადებლად თანხები გამოყოს?

– ამ ეტაპზე მიჭირს ზუსტად იმის შეფასება, თუ როგორ იმოქმედა არსებულმა მდგომარეობამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე. ამასთან, ჯერ ეს ზემოქმედება არ დასრულებულა და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვე, ან უფრო მეტიც, გაგრძელდეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ 2021 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გენგეგმის მომზადებისთვის საჭირო ასიგნებების ასახვას მივაღწიოთ. თუ მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობები მნიშნელოვნად შემცირდება, ეს ამ ამოცანის მიღწევას, ცხადია, გაართულებს.

– რა მოლოდინი გაქვთ?

– მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე გაკეთდება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კონკრეტული და მკაფიო რეკომენდაციების მიწოდებას ვაპირებთ მუნიციპალიტეტისთვის და, ასევე, საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება. შევეცდებით, მოსახლეობას დავანახოთ კავშირი მათ ყოველდღიურ პრობლემებსა და ამ დოკუმენტის არარსებობას შორის.

გარდა ამისა, 2021 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო წელია, წელსაც საარჩევნო წელია და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ იმის მზაობა, ამ პერიოდში მაინც უფრო მეტად დააკმაყოფილონ მოქალაქეებიდან წამოსული მოთხოვნები.