ზუგდიდის გრძელვადიანი განვითარების გენგეგმა ცენტრალური ბაზრის გადატანას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ გენგეგმის განხილვაზე პროექტის ავტორებმა განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„გეგმა ითვალისწინებს ბაზრის მოპირდაპირე ტერიტორიის მოწყობას, რომელიც დღეს არის ავტოსადგომი და რამდენიმე ქაოტურად განვითარებული მშენებლობა. ხედვაში გვაქვს მდინარის მხარის განვითარება. ბაზარი თავისი ძველი კონტურით დარჩება, მაგრამ მიმდებარედ გვსურს, რომ სავაჭრო ცენტრი განვითარდეს ერთ კომპლექსურ შენობად“, – განაცხადა საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა ანი მამულაშვილმა.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის გრძელვადიანი მდგრადი განვითარების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის კონცეფცია წარადგინეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგებას, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენას, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარებას.