ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძა ორ კვირზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. უწყლოობის გამო სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როდის აღდგება წყალმომარაგება და რის გამო შეიქმნა პრობლემა, ამის გასარკვევად განძას მოსახლეობა დღეს, 19 თებერვალს ნინოწმინდის მერს შეხვდა.
„ჩვენთან იმისთვის მოვიდნენ, რომ აინტერესებთ როდის ექნებათ წყალი. როგორც ვიცი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ“, – ამბობს ანივარდ მოსოიანი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა წყლის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ შექმნა.
„სამი ტუმბოა დაზიანებული, მათ შორის ერთი სათადარიგო. ადგილზე ვიმყოფებით, მიმდინარეობს შეკეთება. დღის ბოლომდე წყალმომარაგება აღდგება“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა, ბესო ფილაურმა.