გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს გასული წლის განმავლობაში თანხა ორჯერ აჩუქა – თავდაპირველად 14 400, შემდეგ კი 25 ათასი ლარის ოდენობით. მაშინ როცა, დავით რაზმაძის წლიური ხელფასი 30 720 ლარი იყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
თავად დავით რაზმაძემ, მამისგან ჩუქების ფორმით 67 208 ლარი მიიღო და როგორც თავად ამბობს შვილს ფულადი საჩუქარიც (39 400 ლარი) ამ თანხიდან გადასცა.
რაც შეეხება ოჯახის სხვა შემოსავლებს, გასული წლის განმავლობაში, რაზმაძის მეუღლეს, ერთი ბინის გაქირავებით 1800 ლარი, მეორე ბინის გაქირავებიდან კი 7200 ლარი აქვს მიღებული.
საკრებულოს თავმჯდომარის მამის სარგებელმა არასაცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად, 97 910 ლარი შეადგინა.
ოჯახის აღნიშნული წევრები სამეწარმეო საქმიანობაშიც მონაწილეობენ. კონკრეტულად კი მათ შპს “იმედი 50”-ის წილები აქვთ გადანაწილებული, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში, ოჯახის სამივე წევრს ამ კომპანიიდან მიღებული შემოსავლის გრაფაში 0 ლარი აქვს მითითებული.