გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე ერუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნება.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ერუშეთის ეროვნული პარკი 38 კილომეტრ მანძილზე ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის აღკვეთილს. მინისტრის თქმით, ასეთი ტიპის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ერუშეთის ეროვნული პარკი არის ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე იქნეა განთავსებული, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს აჩენს. დაახლოებით, 38 კილომეტრ მანძილზე ეს პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის აღკვეთილს. ასეთი ტიპის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ერთიანი ჰაბიტატის არსებობისთვის, ცხოველების მნიშვნელოვანი სახეობების შენარჩუნებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვისათვის. ბიომრავალფეროვნების კუთხით, ეს არის ძალიან საინტერესო ფაუნის მთელი რიგი სახეობებისთვის. ეს არის: არჩვი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ევრაზიული ფოცხვერი და სხვა, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იშვიათი, გლობალურ დონეზეც გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობებისთვის, როგორიც არის კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ბექობის არწივი და სხვა. შესაბამისად, ამ ტერიტორიის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან დაიწყებს მუშაობას, რა დროისთვისაც გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსები როგორც კაპიტალური ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ისე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. 10 საშტატო ერთეული დაემატება დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს ამ ახალი ადმინისტრაციის შესანარჩუნებლად“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, დაცული ტერიტორიების გაფართოვება და ხარიასხიანი მართვა ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეს არის პირდაპირი ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომ შევინარჩუნოთ, ერთი მხრივ, ბიომრავალფეროვნება, მეორე მხრივ, განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები დაცული ტერიტორიების არეალების გარშემო. მათ შორის, განვავითაროთ ეკოტურიზმი, რომელიც ძალიან დინამიურად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში. მზარდია, მათ შორის, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს შემოსავლები“, – განაცხადა დავითაშვილმა.