საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 100 000 ჰექტარით გაზარდოს.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ – დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა.
დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ურუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას,” – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა დღესვე, მთავრობის სხდომაზე, ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოების შესახებ განაცხადა.
“გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვ. მ.-ით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოვლების გადასარჩენად”, – განაცხადა გახარიამ.