ქარელის მერიაში 2020 წლის პოლიტიკური პიარ-სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის ერთ-ერთი მიზანია მოსახლეობაში სამიზნე ჯგუფების გამოკვეთა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.
ბოლო პერიოდში მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ისეთი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობა მერის თანდასწრებით, მხარდაჭერას ორი ხელით გამოხატავს. ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერია მკითხველს უხსნის, რომ ამა თუ იმ სოფელში სოფლის კრებები ჩატარდა და ბიუჯეტის თანხით სხვადასხვა პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს.
სოფლის კრებები ძირითადად ღია ცის ქვეშ ჩატარდა, ხშირ, შემთხვევაში ადმინისტრაციული შენობების ან სასწავლო დაწესებულებების დარბაზებში.
როგორც qartli.ge წერდა, ქარელის მუნიციპალიტეტში სპეციალური ტრენინგი ჩატარდა 2020 წლის პოლიტიკური პიარ-კამპანიის დაგეგმვის მიზნით.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ლიდერები „პროფესიული სწავლების ცენტრ რედლაინის” წარმომადგენლებმა დაატრენინგეს.
ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასწავლეს ლიდერების იმიჯის გამოკვეთა; სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება; ღონისძიებების დაგეგმვა; შიდა მუნიციპალური კომუნიკაციების სქემის შედგენა; ადგილობრივ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.