ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა

856

წინა სტატია

დღეს, 18 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს. 

5 თვის წინ, 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართალომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმა დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა დისკრიმინაცია. იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა” – წერს ორგანიზაცია EMC-, რომელიც სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

მოსამართლემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ  ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე.

თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსლიმი თემის ის მოთხოვნა, რომელიც ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ეხებოდა.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა – მუსლიმმა თემმა და ბათუმის მერიამაც.

სააპელაციო სასამართლოში მერია ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას, ხოლო “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი” ითხოვს, რომ ბათუმის მერიას დაევალოს ნებართვის პირველი ეტაპის გაცემა, რადგან მერიას არ ჰქონდეს ახალი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმის კიდევ უფრო გაჭიანურების შესაძლებლობა.