“ეკოლაიფი“ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დახარისხებული ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილ ურნებს განათავსებს. შეგროვებული ნარჩენების გადაცემა კი შესაბამისი გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მოხდება.
პროექტის ,,ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც შპს “ეკოლაიფი” ახორციელებს, დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნულ თემაზე თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სასტუმროს თანამშრომლები დაესწრნენ.
ტრენინგის დროს აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების დახარისხებული შეგროვების საჭიროება და მნიშვნელობა, დახარისხების წესები და სხვა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დახარისხების პრაქტიკული დემონსტრირება. პროექტი WMTR II პროგრამის ფარგლებში CENN USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.