სიღნაღის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღება) ა(ა)იპ − „კომუნალური 1“ ახორციელებდა. დასუფთავების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა: 2017 წელს – 29.4 ათასი ლარი, მათ შორის, ფიზიკური პირებიდან − 13.6 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებიდან − 15.8 ათასი ლარი; 2018 წელს − 16.9 ათასი ლარი, მათ შორის, ფიზიკური პირებიდან − 1.7 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებიდან − 15.2 ათასი ლარი.
აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა.
“აბონენტთა რაოდენობისა და მისაღები შემოსავლების განსაზღვრა ხდება ა(ა)იპ-ის ინკასატორების მიერ თავიანთ სექტორში (ქ. სიღნაღი, ქ. წნორი, სოფ.საქობო) აღრიცხული გადამხდელების მიხედვით. შედეგად, მუნიციპალიტეტში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე. ინკასატორები ფიზიკური პირებისაგან მოსაკრებლის სახით იღებენ ნაღდ ფულს და შემდეგ რიცხავენ მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე, რაც ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებისა და არასრული გადამხდელთა ბაზის პირობებში არაკეთილსინდისიერ ქმედებების (თანხის მითვისება) რისკებს შეიცავს”, – წერია ანგარიშში.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ბიუჯეტით პროგნოზირებული დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრულია წინა წლებში მიღებული თანხის გათვალისწინებით. არსებული პრაქტიკა შესაძლებელია სუბიექტური იყოს და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმ რეალურად მისაღები სარგებლისგან, რომლის ამოღებაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გადამხდელი იურიდიული და ფიზიკური პირების სრულად აღრიცხვისა და მათზე დაყრდნობით შემოსავლების პროგნოზირების შემთხვევაში
“აღსანიშნავია, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზებზე სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული პრობლემა
კვლავ მოუგვარებელია”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას, დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის გაანგარიშება. ასევე, დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მობილიზებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას.