თურნავა: ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, ფოთის პორტის მიმართვაზე კი, გადაწყვეტილებას განხილვის შემდეგ მივიღებთ

633

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, მიწათსარგებლობის ნებართვასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიმართვა განიხილოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება განხილვის შემდეგ მიიღება.

ეიპიემ ტერმინალსმა”, რომელიც არის ფოთის პორტის მმართველი, სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციას მიმართა მიწათსარგებლობის უფლების მოპოვებაზე, რაც სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცესის საწყისი ეტაპია. ჩვენ გვაქვს ერთი თვე, რომ განვიხილოთ პროექტი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით არაფერი გადასცემიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასება იმის შესახებ, რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, დამაჯერებელი არ არის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ერთი პორტიც ვერ ააშენა, რაც სატენდერო პირობებითა და კონტრაქტით ევალებოდა. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება და მსჯელობა, რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი. საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც გადაწყვეტს ბიზნესი და დღეს ბიზნესი განიცდის აღმავლობას, იზრდება ტვირთების მოცულობა, მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება 40 პროცენტზე მეტით იყო გასულ წელს გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, შეიძლება, არაერთი პორტი იყოს მხარდაჭერილი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ახალი ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

„ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი ძალიან მალე დაიწყება. ახლა სატენდერო პირობების გადახედვა მიმდინარეობს. გვინდა, ამ პროცესში ჩავრთოთ ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რათა უფრო მაღალ დონეზე ჩატარდეს ტენდერი და მეტი წვდომა იყოს, მათ შორის ვსაუბრობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). გვინდა, ყველა პოზიტიური ცვლილება, რაც კონტრაქტმა ბიზნესის სასარგებლოდ განიცადა, ავსახოთ საბოლოო სატენდერო პირობებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

2020 წლის 11 თებერვალს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართა, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმი ემზადება საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს. მისი თქმით, საარბიტრაჟო დავისგან თავის ასარიდებლად მთავრობა არანაირ ნაბიჯს არ დგამს. ამასთან, ახვლედიანის შეფასებით, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება და ანაკლია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის აშენება შეიძლება.