“წყალმომარაგებისა და წყალარინების მხრივ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან ბევრია, ასევე ძალიან დიდი ინვესტიციაა ჩასადები ამ სექტორში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის სრულად მოწესრიგებული ეს ინფრასტრუქტურა ისეთ დონეზე, როგორც გვინდა რომ იყოს,“- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, წელს დასრულდება წყალმომარაგების სამუშაოები ქუთაისში, ზუგდიდში, ჭიათურაში, აბაშაში, ანაკლიასა და ჯვარში. მისი თქმით, ეს სამუშაოები საჭიროებდა ძალიან დიდ ინვესტიციას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა წყალმომარაგების სექტორში ჩადებული ინვესტიცია. მხოლოდ შარშან წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 20%-ით აღემატებოდა წინა წლის ბიუჯეტს. წყლის კომპანიას ჰქონდა და აქვს 2020 წლისთვის მზარდი დინამიკა.
,,დაახლოებით 600 ათასი მოქალაქე ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ცენტრალური წყალმომარაგების სერვისით, ამ რიცხვებს იმისთვის ვამბობ, რომ ჩვენ ყველას შეგვექმნას წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო და ძალიან ბევრი ინვესტიცია არის ჩასადები წყალმომარაგების სექტორში. წინასწარი შეფასებით ეს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების სამუშაოებია, რასაც სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ვგეგმავთ რომ ბევრად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ წყალმომარაგების სექტორში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.