აუდიტი: ჩხოროწყუს მერია სამედიცინო პროგრამისთვის იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული

803

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი „სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტების მიხედვით, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები, მათ შორის, მოსახლეობის „სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას/თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო მომსახურების გაწევამდე, ბენეფიციარებზე გაიცემა საგარანტიო წერილები, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ხდება თანხების ანაზღაურება.

„სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსების“ პროგრამის შესწავლით აუდიტის სამსახურმა გამოავლიმა, რომ მუნიციპალიტეტი სისტემატურად იღებდა იმაზე მეტი ოდენობით ფინანსური ვალდებულებას, ვიდრე ბიუჯეტის ასიგნებით იყო გათვალისწინებული, კერძოდ:

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლის 1 იანვრისთვის წინა წელს აღებული და დაუფარავი ვალდებულება შედგენდა 236.3 ათას ლარს.

“აღნიშნული ვალდებულების დაფარვა არ იყო გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტში. ამავე წელს პროგრამის დასაფინანსებლად დაიგეგმა 155.7 ათასი ლარის ხარჯი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს გააჩნდა წინა წლის გაუსტუმრებელი ვალდებულებები, მან კვლავ აიღო 227.3 ათასი ლარის ახალი ვალდებულება. შედეგად, 2018 წლის 1 იანვრისთვის მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაუსტუმრებელი ვალდებულება შეადგენდა 308.9 ათას ლარს.

2018 წელს დაიგეგმა 164.7 ათასი ლარის ხარჯი და მუნიციპალიტეტმა კვლავ აიღო 156.2 ათასი ლარის ახალი ვალდებულება. შედეგად, 2019 წლის 1 იანვრისთვის მუნიციპალიტეტის მიერ გაუსტუმრებელი ვალდებულება იყო 307.1 ათასი ლარი

სამედიცინო დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტისგან მოითხოვეს საგარანტიო თანხების ანაზღაურება, თუმცა ბიუჯეტში რესურსის არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა ვალდებულებების დაფარვა”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წელს ერთ შემთხვევაში და 2018 წელს კი − 7 შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებმა მიმართეს სასამართლოს მუნიციპალიტეტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს დაეკისრა 123.0 ათასი ლარის გადახდა. აღნიშნული თანხიდან, 7.5 ათასი ლარი შეადგენს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით გაწეულ დამატებით ხარჯს.

“2018 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტს გამოეყო 400.0 ათასი ლარი, სამედიცინო თანადაფინანსების დავალიანებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. ღნიშნული თანხიდან 2019 წელს მუნიციპალიტეტმა გაისტუმრა წინა წლებში წარმოშობილი სამედიცინო დაწესებულებების დავალიანებები”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნს მიხედვით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი „სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული; აგრეთვე არ ითვალისწინებდა წინა წლებში დაუფარავ ვალდებულებებს. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მუნიციპალიტეტს დაეკისრა აღნიშნული თანხების ანაზღაურება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 7.5 ათასი ლარის სასამართლო დავასთან დაკავშირებული
ხარჯები.

აუდიტის სამსახური მიმართავს ჩხოროყუს მერიას რეკომენდაციით, “მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმოს მოსახლეობის ფაქტობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.

“მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტმა პროგრამის განხორციელების პროცესში დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც არ დაუშვებს საბიუჯეტო ასიგნების ზემოთ ვალდებულების აღებას. აღნიშნული მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.