ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაა. აუდიტის ცნობით, 22017-2018 წლების ბიუჯეტების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას, მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით 2017-2018 წლებში მხოლოდ 14 101.7 ათასი ლარი დახარჯა.
“წყალმომარაგების პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ შეასრულა პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემით 6 სოფელში წყალი გრაფიკით მიეწოდება 1,544 ოჯახს, დანარჩენ 24 სოფელში არ არის მოწყობილი წყლის სისტემები. შესაბამისად, 7,558 ოჯახი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. მხოლოდ ქალაქ ჩხოროწყუსა და ერთი სოფლის 1,631 ოჯახს მიეწოდება სათანადო ხარისხის სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში წყლის ლაბორატორიულ გამოკვლევებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ქიმბატი“ ახორციელებდა, რომელმაც მუნიციპალიტეტიდან დაფინანსების სახით 47.8 ათასი ლარი მიიღო.
2017-2018 წლებში შპს-ის მიერ შესწავლილია სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან. კვლევების შედეგად, 27 შემთხვევაში დაფიქსირებულია ნორმიდან გადახრები და გაცემულია რეკომენდაციები ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა აუდიტის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საკმარისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ივლისში დააფუძნა ახალი სუბიექტი − შპს „ჩხორწყალი“. საწარმოს ევალებოდა მოსახლეობისათვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, სოფლებში არსებული სასმელი წყლის მაგისტრალზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია, წყლის გადასახადის ამოღება და სხვ. შპს-ს 2017-2018 წლებში „სუბსიდიის“ მუხლით მხოლოდ 33.9 ათასი ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაფინანსებიდან 75% მიმართულია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურებაზე. მხოლოდ 8.5 ათასი ლარის (25%) ხარჯი გაწეულია წყლის სისტემების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. სხვა მიმართულებით თანხები არ დახარჯულა. შესაბამისად, შპს ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ვერ უზრუნველყობდა მოსახლეობისთვის სათანადო ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებას”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შპს „ჩხორწყალმა“ ვერ აიღო ლიცენზია, რადგან მას არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის, საჭირო აღჭურვილობა წყლის დაქლორვის და ლაბორატორიული შემოწმებისათვის, ხოლო შპს „ქიმბატს“, რომელიც, ასევე, მუნიციპალური საწარმოა, გააჩნდა წყლის კვლევისათვის საჭირო ლაბორატორია და შესაბამისი აკრედიტაცია.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები: შპს „ქიმბაქტის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების ნაცვლად, რატომ დააფუძნა ახალი შპს „ჩხორწყალი“ და რატომ გასწია დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტიდან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები. ამასთან, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; რაც შეეხება წყლის ხარისხს, აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ ის ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს. აუდიტის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, არ არის საკმარისი.
“მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, მუნიციპალიტეტის
პასუხისმგებელ პირებს ქმედითი ღონისძიება საკითხის მოსაგვარებლად არ
განუხორცილებიათ”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახური მოუწოდებს ჩხოროწყუს მერიას საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და წყლის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთანავე, აუდიტის რეკომენდაციით, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევემ საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუქნციონირებას.