აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

712

ათზე მეტი ხის კოტეჯი, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და შვიდზე მეტი დასასვენებელი ფანჩატური, – ასეთია იმ ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელიც აბასთუმნის მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შპს „ჯორჯია 2016“-ს ტერიტორია 35 წლიანი აღნაგობის (იჯარის) უფლებით გადაეცა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სამწლიანი ვადა აქვს.

კომპანია ასევე ვალდებულია :

• მომზადებული არქიტექტორული პროექტი, მშენებლობის ნებართვის აღებამდე შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“;
• ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია;
• სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ მოამზადოს “ზურმუხტის ქსელზე” შეფასება.

35 წლიანი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, 6 630 კვ.მ ტერიტორია, თავისი ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

“ზურმუხტის ქსელი” არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისაგან“. “ზურმუხტის ქსელი” წარმოადგენს ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული „ნატურა 2000-ის“ ქსელის ანალოგს. მისი შექმნა ევალებათ ბერნის კონვენციაზე მიერთებულ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც კონვენციის მონაწილე მხარე 2009 წელს გახდა. “სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიებზე” მყარდება მართვის განსაკუთრებული, თუმცა გარკვეულწილად მოქნილი, რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს, ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატებისა და სახეობების გრძელვადიან შენარჩუნებას.