რა ეტაპზეა აბასთუმანში 770 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოები

289

დაბა აბასთუმნის შესასვლელში ამჟამად საპარკინგე ტერიტორიის, ვერტმფრენზე გათვლილი აეროდრომის და ხიდის მშენებლობის  სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა საპარკინგე ტერიტორიის ირგვლივ საყრდენი კედლების მშენებლობა. უკვე მომზადებულია (მოსწორებულია) ავტოსადგომის ტერიტორიის დაახლოებით 70%, სადაც ბეტონის დაიგება. სამუშოების დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე განთავსდება მზის პანელებიც. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ელექტროტრანსპორტით იქნება დაშვებული. ავტოსადგომი ელექტრომობილებისა და ავტობუსებისათვისაც იქნება გათვალისწინებული.

გეგმის მიხედვით, პარკინგის მშენებლობა 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ჯამში 12,567,774 ლარი უნდა დაიხარჯოს. ავტოსადგომი 770 ავტომანქანაზეა გათვლილი, მათ შრის 113 ელექტრომობილისთვის, 20 შშმ პირისთვის და 10 ავტობუსისთვის.

ავტოსადგური და ავტოპარკინგი, აბასთუმნის შესასვლელთან მდ. ოცხეს მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. ავტოსადგური გათვლილია 150 ადამიანზე სადაც განთავსებული იქნება კაფეტერია, მედპუნქტი, სალარო, სველი წერტილები, ასევე, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოვლა-შენახვა ოპერირებისთვის საჭირო პერსონალის საოფისე ფართები.

პროექტი ითვალისწინებს ასევე სახიდე გადასასვლელის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარას საავტომობილო გზის 300 მ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე ავტოსადგომის გარშემო ადგილობრივი გზის მოწყობას, ავტოსადგომის ტერიტორიის შემოღობვას, არსებული ნაპირდამცავი გაბიონის კედლის რეკონსტრუქციას და ტერიტორიის განათებას.

აბასთუმანში მწვანე სივრცის შექმნის მიზნით, საწვავზე მომუშავე მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან აღნიშნულზე განცხადება 2018 წელს გააკეთა. მისივე თქმით, იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება დიდი რაოდენობის ელექტრომობილები შეიძინოს, ადგილობრივებს ავტომობილებს თავად უყიდის.

პარკინგის სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.