ბორჯომში ორთქმავალ “კუკუშკას” ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

852

ბორჯომში, თორის ქუჩაზე არსებული „კუკუშკის“ ძეგლსა და პლატფორმას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საუკუნის წინანდელი ექსპონატის მოწესრიგებისთვის თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

1902 წელს გამოშვებული ორთქმავლის ნაწილის რეაბილიტაციისთვის, ბორჯომის მერია ტენდერს 7 265 ლარზე აცხადებს. მის ფარგლებში, „კუკუშკის“ ძეგლი და მისი პლატფორმა უნდა მოეწყოს.

ძეგლი იმ ორთქმავლის ნაწილია, რომელიც 118 წლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს. 1967 წლიდან კი, რკინიგზის ელექტროფიკაციის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩა და დღემდე ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ ითვლება.

„მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაოთა შესასრულებლად მოხდა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი: მოხდება ორთქმავალზე საღებავის მოხსნა, პლატფორმის კედლიდან ძველი ნალესის მოხსნა, ორთქმავლის პლატფორმის კედლების შელესვა ცემენტის ხსნარით, პლატფორმის არსებული ხის კარის ამოცვლა მეტალო პლასმასის კარის ბლოკით, პლატფორმის კედლების და ზედაპირის მოპირკეთება ბაზალტის ფილით, მოეწყობა დეკორატიული განათება. მოხდება ტერიტორიის მოსუფთავება და სამშენებლო ნარჩენების გატანა“, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დასრულდება.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს – „კუკუშკას“ უძრავი ძეგლის სტატუსი, 2017 წლის 30 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიენიჭა.