საქართველოს ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას OECD – ის გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას შაალი ხელმძღვანელობს.
სინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა OECD – საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და „OECD ევრაზიის კვირეული 2020“-ის ფარგლებში განსახილველი საკითხები განიხილეს.
“ღონისძიებაში, რომელიც მარტის მეორე ნახევარში საქართველოში გაიმართება, 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მთავარი განსახილველი თემა კი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია იქნება”, – ამბობენ სამინისტროში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. OECD-ის ექსპერტები, მთავრობებთან თანამშრომლობით, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, აანალიზებენ მონაცემებს და ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში.