რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგამის „განახლებული რეგიონები“ ფარლგებში, წარმოდგენილი პროექტებიდან 7-ზე დღეს ტენდერი გაიხსნება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება.
„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ვიყავით, ჩავატარეთ კომისიის სხდომები. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო იმერეთში, რაჭა -ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში. პროექტები და არეალები ქალაქების მერებმა წარმოადგინეს. ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო, მათ შორის, თვითონ ამ მდებარეობების განსაზღვრისას. შეირჩა ისეთი მდებარეობები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ზოგადად სოციალურ – ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. როგორც პროგრამის ფარგლებში იყო გამოცხადებული, ბუნებრივია გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, ასევე სხვა ფუქნციონალური ელემენტები, რომელიც იქნება ჩაწერილი როგორც არსებულ, ასევე ახალშექმნილ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას ბიძგს მისცემს. ამაში სწორედ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იქნება მაღალი ჩართულობით წარმოდგენილი. ეს იქნება სარგებელი უშუალოდ იმ მუნიციპალიტეტისთვის, მოქალაქისთვის და იქნება ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.
მთლიანობაში განვიხილეთ ეს. ამ პროექტების ძალიან დიდი ჩამონათვალია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის სხვადასხვა ცენტრალური მდებარეობები, სხვადასხვა მრავალი საჭიროება და ეს პროცესი გაგრძელდება. ტენდერების ნაწილი გამოცხადებულია და დღეს კიდევ იხსნება 7“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.