თურნავა: გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება საქართველოშივე ხდებოდეს

751

წინა სტატია

გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულია საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონე ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.

„გვსურს, რომ ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს აქ და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში, ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს, ჩვენი სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამას მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით მიაღწევს, მათ შორის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წიაღისეულის მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვას ეხება და რაც გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებში.

„ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ბიზნეს-ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამის ახალი კომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონის მნიშვნელობაზე, მან აქცენტი გააკეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოში მოპოვებული სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება ადგილზე, საქართველოშივე მოხდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.