საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი იწყება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი.
პროექტის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები; საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს-ასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოების აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრებმა 6 თებერვლის სხდომაზე ისაუბრეს – ის გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონების გამოცხადებასაც.
ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, რომ წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და სააუქციონოდ მომზადდა 100 წიაღით სარგებლობის ობიექტი, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონო ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად. ამ პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 1800-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.