2017-2018 წლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მოსახლეობისთვის გადაცემული 1,453.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან 904.7 ათასი ლარის ღირებულების (62%) მასალა არ არის გამოყენებული მიზნობრივად, ვერ ისარგებლა მოსახლეობამ და არც სტიქიის შედეგები იქნა ლიკვიდირებული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
“სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტი შეისწავლის მოსახლეობაზე მიყენებულ ზარალს და ადგენს მის სალიკვიდაციოდ საჭირო თანხების ოდენობას. 2017-2018 წლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება − სახურავის მასალის მიწოდებაზე”, – წერია ანგარიშში.
ამავე ანგარიშით ხელშეკრულებების ფარგლებში, მოსახლეობას გადაეცა თუნუქის სახურავის ფურცლები, ხის ძელები, ცემენტი და სამშენებლო ბლოკები, რაზედაც ჯამში დაიხარჯა 1,455.3 ათასი ლარი. მ
“იღება-ჩაბარებების თანახმად, მოსახლეობას გადაეცა 803.7 ათასი ლარის ღირებულების 64,358 კვ.მ თუნუქის ფურცელი, 647.0 ათასი ლარის 1,072 მ 3 ხის მასალა, 1.5 ათასი ლარის 6,500 კგ ცემენტი და 3.1 ათასი ლარის 1,800 ცალი სამშენებლო ბლოკი. მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გადაცემა წარმოშობს რისკს იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონის პირობებში, მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა დაზიანებული სახურავების აღდგენას”, – ნათქვამია დასკვნაში.
აუდიტის ცნობით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა. 2019 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად, შერჩევით დაათვალიერა რამდენიმე მოსახლეზე გადაცემული სამშენებლო მასალები და შეისწავლა მათი გამოყენების მდგომარეობა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შემდეგ გასული იყო მინიმუმ 10 თვე, უმეტეს შემთხვევაში, გადაცემული სამშენებლო მასალა, მოსახლეობას დასაწყობებული ჰქონდა ეზოში.
აუდიტის ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, 2019 წლის ოქტომბერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეისწავლა მოსახლეობაზე გადაცემული სამშენებლო მასალების გამოყენების მდგომარეობა.
“წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 408 მოსახლიდან 289-ს არ გამოუყენებია და დასაწყობებული აქვს 40,054 კვ.მ თუნუქის ფურცელი, ხოლო 14 მოსახლეს 2,115 კვ.მ თუნუქის ფურცელი არც გამოუყენებია და არც დასაწყობებული აქვს.სულ გამოუყენებელია 66% − 526.6 ათასი ლარის ღირებულების თუნუქის ფურცელი. რაც შეეხება ხის მასალას, 235 მოსახლიდან 169 პირს 603 კუბ.მ დასაწყობებული აქვს, ხოლო 6 პირს 20.9 კუბ.მ არც გამოუყენებია და არც დასაწყობებული აქვს. სულ გამოუყენებელია 58% − 376.7 ათასი ლარის ხის მასალა”, – ვკითხულობთ აუდიტშო.
სახლმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ 2017-2018 წლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობისთვის გადაცემული 1,453.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან 904.7 ათასი ლარის ღირებულების (62%) მასალა არ არის გამოყენებული მიზნობრივად, ვერ ისარგებლა მოსახლეობამ და არც სტიქიის შედეგები იქნა ლიკვიდირებული. ამდენად, მუნიციპალიტემა სათანადოდ ვერ დაგეგმა და დანერგა მასალების გაცემისა და მიზნობრივად გამოყენების კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და საბოლოო მიზნების მიღწევას.
“მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს სტრატეგია, რომლითაც შესაძლებელი იქნება სტიქიის შედეგების ოპერატიული და სრული აღმოფხვრა. აგრეთვე შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასახული სტრატეგიის მიზნის მიღწევას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სტიქიის შედეგების წარმატებით აღმოფხვრას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ყოფით პირობებზე. მერიამ შეისწავლოს დასაწყობებული სამშენებლო მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათი შემდგომი გამოყენების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.
ფოტო: გურიის მოამბე