ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

658

წინა სტატია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

„სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის კონტრაქტორების, ტერმინალის ოპერატორების, გამსესხებლების და მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებს, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, სწავლობდა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციას და სხვა.

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი.

იმისათვის, რომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.

ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე.

ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს ანაკლიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს, რომელიც საინვესტიციო წინადადებების შემუშავების, ინვესტიციების მოზიდვისა და დაინტერესების მიმართულებით ყველაზე მაღალი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე უწყებაა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადირაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს.