ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 41 000-ზე მეტი ოჯახი. ინფორმაციას ინეტრპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, 2019-2020 წლებში დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 მილიონი ლარი და განსაზღვრულია 5 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. ამას გარდა, 240 დევნილი ოჯახისთვის, „სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური სახლები აშენდება, ასევე, მოხდება მათი დახმარება საარსებო წყაროებით. პროექტი გერმანიის მთავრობის დახმარებით იგეგმება და ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა.
„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყველა პროგრამას დევნილთა საჭიროებებზე დროულად რეაგირებისთვის, თუმცა აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ბინების განაწილების პროცესში, სახელმწიფო მოქმედებს კანონის ფარგლებში და დეტალურად მიჰყვება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ორიენტირებულია დევნილთა რეალურ საჭიროებებზე.
აღნიშნული კრიტერიუმები 2013 წელს შემუშავდა სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2013 წლამდე საერთოდ არ არსებობდა საცხოვრებლების განაწილების კრიტერიუმები. მათი შექმნის დღიდან კი 15-ზე მეტი ცვლილება განხორციელდა, რათა კრიტერიუმები დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გამხდარიყო, სამომავლოდაც ვგეგმავთ შეფასების ფორმატის განახლებას. ჩვენ აუცილებლად დავამკვიდრებთ სამართლიანობას და ხელს შევუწყობთ სახელმწიფო რესურსების რაციონალურად მართვას მეტი საჭიროებების მქონე ოჯახებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არამხოლოდ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოებაში მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და რაც მთავარია საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.