ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში შემოვლითი გზის მშენებლობა პროტესტის მიზიზი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად ადგილობრივები არა სახლების დაბზარვას, არამედ უწყლობას აპროტესტებენ. შესაბამისად, არა კომპენსაციას, არამედ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გასაჭირში სულ 30-მდე ოჯახია, რომელიც დაუყონებლივ რეაგირებას შესაბამისი უწყებებისგან უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობისთვის სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო. ერთ-ერთი მსხვილი პროექტის განხორციელებით მოსახლეობამ მნიშვნელოვანი სიკეთეები მიიღო და მომავალშიც ელოდებიან, თუმცა ადგილობრივთა ერთი ნაწილისთვის იგი პროტესტის საგანი გახდა. საქმე იმაშია, რომ მშენებლობის დაწყება სასმელი წყლის გაქრობის მიზეზი გახდა.
პრობლემაზე კიდევ ერთი ადგილობრივი საუბრობს. ამირან შაქარაძე ამბობს, რომ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში მყოფი ის ოჯახები, რომლებსაც სასმელი წყლის მოპოვების სხვა ალტერნატივა არ აქვთ, გაწვიმებას ელოდებიან. ამ გზით ახერხებენ ისინი წყლის წყაროდან მოიმარაგებას.
სასმელი წყლის დაკარგვა არ არის ერთადერთი მიზეზი, რომელიც ავტობანის მშენებლობის შედეგად ადგილობრივებს წარმოეშვათ. მასშტაბური სამუშაოების შედეგად დაზიანდა გზა, რომელზეც მოსწავლეებს სიარული უჭირთ.
იმ რისკის შესახებ, რომ ავტობანის მშენელობის სამუშაოებს შესაძლოა სასმელი წყლის დაკარგვა გამოეწვია, ამაზე არავინ დაფიქრებულა და შესაბამისად, არც მოსახლეობა გაუფრთხილებია არავის, თუმცა კახაბრის ადმინისტრაციულ სერვის ცენტრში თვლიან, რომ მთავარი მაინც მაგისტრალის მშენებლობაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობა იტყუება.
ტვ25-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამ განცხადების შემდეგ ადგილობრივთა ბედი იმაზეა დამოკიდებული, როდის და როგორ დააჯერებენ სახელმწიფო უწყებებს, რომ პრობლემები რეალურია და მატყუარები არ არიან.