მოუწესრიგებელი ეზოები ბათუმის სხვადასხვა უბანში

553

ბათუმში წლობია გადაუჭრელი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, კორპუსების ეზოები მოუწესრიგებელია, მზიან ამინდში მტვერია, გაწვიმებისას კი წყლის გუბეები დგას. ასეთი პრობლემებია, მათ შორის, დემეტრე თავდადებულის და ფიროსმანის ქუჩის კვეთაზე. მოსახლეობა პრობლემის გადაჭრას ბათუმის მერიიდან ელოდება. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

დემეტრე თავდადებულის 69 ნომერში მცხოვრები სულიკო შათირიშვილი ჰყვება, რომ დაპირებები როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელი ხელისუფლებისგანაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

სულიკო შათირიშვილი იხსენებს იმასაც, რომ არსებული სიტუაციის გამო, რამდენჯერმე ძირს დაეცა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა.

მოუწესრიგებელ შიდა ეზოებზე საუბრობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებიც. მინდია მახარაძე პასუხისმგებელ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრების თქმით, მოუწესრიგებელ ეზოში უამინდობისას წყალი დგება და სარდაფებამდე აღწევს, რაც შემდეგ უსიამოვნო სუნს იწვევს.

პასუხისმგებელ ორგანოში კი ამბობენ, რომ მოსახლეობამ წერილობით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც ტერიტორიას შეისწავლიან და შესაბამისად იმოქმედებენ.

მსგავსი პრობლემა დემეტრე თავდადებულის 40 ნომერში მცხოვრებლებსაც აწუხებთ, თუმცა, აქ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი გვითრეს, რომ უამინდობისას ორმოებში წყალი დგება, რის გამოც გადაადგილება უჭირთ.

მათივე თქმით, მერიას ინფრასტრუტურის მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, შედეგს კი თქვენ ახლა კადრებში ხედავთ.