ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია “სოლიმარ ინტერნეიშენალის” ექსპერტები სტუმრობდნენ. მათ ორივე ტურისტული ობიექტი დაათვალიერეს და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს. საუბარი ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმებს შეეხო.
ორგანიზაციის დირექტორმა კრის სიკიმ “ლაივპრესს” განუცხადა, რომ ის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, საჭიროებებს ეცნობა, კონკრეტულ ლოკაციებს და ატრაქციებს, რომელთა კომერციალიზაციის კომპონენტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას და ტურისტული ობიექტების ადმინისტრაციებს დაეხმარებიან.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის და ამერიკის მასშტაბით, სხვადასხვა ატრაქციების კიდევ უფრო პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს და ადმინისტრაციებს კონსულტაციებს უწევს, როგორ გახადონ ცალკეული ობიექტები ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და ამ გზით ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი.
“ვიმუშავებ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან, რომ შევისწვალო მისი არსებული მდგომარეობა და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო განვითარების გზები. ეს იმისთვის, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ გასაოცარი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს და დახარჯონ აქ ფული”, – აღნიშნა კრის სიკიმ.
ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტები ასევე გაეცნობიან რეგიონში ჯომარდობის სპეციფიკას და საჭიროებებს.
უცხოელი ექსპერტები, იუსაიდის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში მოიწვიეს. ორგანიზაციაში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ახალაიამ გვითხრა, რომ დასახული მიზნების ხორცშესასხმელად, ერთობლივად იმუშავებენ როგორც შიდა სტრუქტურული მიმართულებით, ისე ახალი კომერციული პროდუქტების დანერგვის კუთხით.
თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ განმარტა, რომ მათ აქვთ საკუთარი ხედვაც, თუ როგორ განავითარონ ტურისტულად ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე. ერთ-ერთი კომპონენტი ამ ხედვის, სწორედ უცხოელი ექსპერტების ჩართვაა, რომლებიც კონკრეტული გეგმების შემუშავებაში დაეხმარებიან.
“ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან და ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება. მუზეუმთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ვფიქრობთ, შეიძლება საინტერესო პროექტები გაკეთდეს ერთობლივად. იქ ბევრი მარკეტინგული მოქმედება შეიძლება განხორციელდესს, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს, ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთანც შეიძლება დაკავშირება. ამ კუთხით, ერთიან ჩარჩოში ვფიქრობთ უფრო განვითარებას”, – განაცხადა ლევან წულაიამ.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, იგეგმება საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ერთობლივად რეკომენდაციებისა და განვითარების ხედვებზე შეჯერება.