სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებზე 100 პარალელური აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

565

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო გამოიტანს 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეთავაზებას ბიზნესისთვის.

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს პროექტი მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მლნ ინვესტირების ბაზისი შექმნას.

„ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც არის იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით, როგორც დამატებით 100 საინვესტიციო პროექტის შეთავაზების შემთხვევაში. ბუნებრივი რესურსების მართვა ჩვენი პრიორიტეტია. ასევე, დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს არაერთ რეფორმას, რომლის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით სახელმწიფო გამოიტანს 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეთავაზებას ბიზნესისთვის. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მლნ ინვესტირების ბაზისი შექმნას. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში, ან არ არის იდენტიფიცირებული, მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში. ჩვენი მიზანია, მოხდეს მათი პრივატიზება“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად, წარმატებული აღმოჩნდა,  შესაბამისად, ეკონომიკის უწყებამ პრემიერისგან პროგრამის გაფართოების შეთავაზება მიიღო.

„მივიღეთ შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან, გავაფართოვოთ პროგრამის არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც. ეს აუქციონები დღემდე ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად 100 პარალელური აუქციონი მომზადდება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გაიმართება 100 აუქციონი და იქნება გამჭვირვალობის იგივე დონე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, წიაღისეული გადამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი ვალდებულება იქნება.

„ძირითადი ღირებულება უნდა რჩებოდეს საქართველოში და ხდებოდეს არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება. გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე, დარგში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, მათ შორის პირველ რიგში გადამამუშავებელ  სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა.  დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული.

გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც ემატება.