კახეთი 2019 წლის ყველაზე სუფთა რეგიონი გახდა

1326

კახეთი ყველაზე სუფთა რეგიონად დასახელდა. კონკურსი „სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა. 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

„სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი; „სუფთა ქალაქი“ – ქალაქი ზუგდიდი; „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; „სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); „ლამაზი აივანი“ – ქალაქი მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი; „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა; „საწარმოს ლამაზი ეზო“ – ალაქი თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო; „ლამაზი ეზო” – ქალაქი გურჯაანი, იზა გაბიტაშვილის ეზო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოუდგინეს.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დასაზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, შემოსული მასალების საფუძველზე 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები გამოავლინა.

“კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი. პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კონკურსი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.