კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სინაგოგა ბათუმში, რომელიც ინგრევა

739

ბათუმში კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სინაგოგა სავალალო მდგომარეობაშია და მისი ბედი არავის აინტერესებს. რატომ ვერ ხერხდება შენობის რესტავრაცია? რას ამბობენ ებრაულ თემში და რას პასუხობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

ებრაული სინაგოგას რესტავრაციის ვალდებულებას, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სამოქალაქო აქტივისტები სახელმწიფოს აკისრებენ. საზოგადოება „ბათომში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამ ძეგლის ბედი არ ადარდებს და ტერიტორიის გამოთავისუფლების მიზნით, მის დანგრევას ელოდება. შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობის აღდგენისთვის საჭირო ადამიანური რესურსი და ფინანსები მოძიებულია, თუმცა ამ ყველაფერზე რეგიონის მთავრობის პასუხი, დუმილია.

ებრაულ თემში ამბობენ, რომ მეპატრონეებმა შენობის რესტავრაციის ნებართვა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. ემილ კრუპნიკის თქმით, მათი სურვილი შენობის პირვანდელი სახის აღდგენაა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ებრაულ თემს მათთვის შენობის რესტავრაციის თხოვნით არ მიუმართავს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი წერილი, რაც თემისგან მიიღეს, შენობის ადგილზე ახალი სამ სართულიანის აშენების ნებართვის მოთხოვნაა. ზაურ ახვლედიანის თქმით კი, საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კომპეტენციაა და ადგილობრივ დონეზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება მათ არ გააჩნიათ.

ყოფილი სინაგოგის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ძეგლის სტატუსი 2015 წლის ივლისში მიენიჭა. ამორტიზებული ნაგებობა სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს, თუმცა არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და არც ებრაულ თემში ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ აქვთ განსაზღვრული.