ნათია თურნავა სვანეთზე: საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური

1071

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის” კითხვას, მოუწევს თუ არა სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის გადაიხდიან ისინი გადასახადს.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო – პრო ჯორჯიას” ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სვანეთში ბიტკოინების არალეგალურ წარმოებას, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.

„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო – პრო ჯორჯიას” მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაჭრილი იქნება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის,”- განაცხადა თურნავამ.

ცნობისათვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

მესტიის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება წელს ოთხჯერ გაიზარდა, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია. გახშირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ძაბვის ვარდნა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა ტურისტული სეზონიც. ადგილობრივების თქმით, ეს ყველაფერი ე. წ. ბიტკოინების უკანონო ჩართვების გამო ხდება.

20 იანვარს ე.წ. მაინერების ამოღების მოთხოვნით მესტიის მოსახლეობამ აქციაც გამართა.