მოუწესრიგებელი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში. გასულ წელს ტექნიკური დათვალიერება ავტობუსების 80%-მა ვერ გაიარა და განმეორებითი შემოწმება დასჭირდა. სურათი მნიშვნელოვნად არც წელს შეცვლილა. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მგზავრები ამბობენ, რომ ხშირად ტრანსპორტში წვიმს, ავტობუსის უმეტესობის იატაკი და სალონი კი ამორტიზებულია. ბოლოს ტრანსპორტი ხაზიდან გუშინ მოიხსნა, მას შემდეგ რაც ავტობუსში წვიმის ჩასვლის შესახებ მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა. დაახლოებით 200 ავტობუსიდან ახალი მხოლოდ 40-ია, წელს კიდევ 8 ტრანსპორტი დაემატება.