ტყუილია, თითქოს აჭარის მთავრობამ აამუშავა შეჩერებული პროექტები, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგიონში სამუშაო ადგილების სიმცირეა და ხელისუფლება იტყუება, რომ თითქოს ინვესტიციები გაზრდილია.
„გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების რაოდენობა მილიარდზე მეტი იქნებოდა. მოგვიანებით კი გვითხრეს, სამ მილიარდს გადააჭარბებსო. უფრო მეტიც, წელს გვითხრეს, რომ გასულ წელს 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, რაც მორიგი ტყუილია, კერძოდ:
1.სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდა 209 642,1 აშშ დოლარს, 2018 წელს შემცირდა 75 551,3 დოლარამდე ხოლო 2019 წელს 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული;
2.მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამაზე დაიხარჯა 538 ათასი ლარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბრის 01-01-10/5808 წერილით გვაცნობა, რომ ინვესტიციების რაოდენობას აღარ ვითვლით 2017 წლიდანო.
ისმის კითხვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ როგორ დათვალა ინვესტიციები თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ითვლის? რატომ დაიხარჯა 538,0 ათასი ლარი პროგრამაზე ბიუჯეტიდან თუ ელემენტარულად ინვესტიციებსაც ვერ ითვლიან? ან როგორ უნდა მოიზიდონ ინვესტიციები თუ არ იციან დარგების მიხედვით ინვესტიციების რაოდენობის დინამიკა?
აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა.
ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას როგორც გაჩერებული პროექტების, ასევე ხელისუფლების მიერ საეჭვო გარიგებებით გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ, რადგან რეგიონში ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილს და ნაკლებ შემოსავლებს ბიუჯეტში”,- განაცხადა გია აბულაძემ.