წყალტუბოს სოფელ სორმონის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

568

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ სორმონის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში გზა დაზიანებულია და გადაადგილება უჭირთ. მათივე თქმით, პრობლემაა ის, რომ სოფელში გაზი არ არის შეყვანილი, ადგილობრივებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

არაერთი პრობლემა გვაქვს, გზაა არ არის, ვერ დავდივართ, ავტობუსიც კი არ მოდის ამის გამო. თუმცა ამ ზამთარში ყველაზე დიდი პრობლემა, გაზიფიცირებაა. გაზი არ არის, შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. ზამთარში ვერ ვთბებით, ამ პრობლემების გამო სოფელი დაიცალა. მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

ადგილობრივების პროტესტს ასევე შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

აღსანიშნავია, რომ აქციის პარალელურად შეიკრიბა რამდენიმე ადგილობრივი, რომელთაც განაცხადეს, რომ სოფელს გზის პრობლემა არ აქვს და გაზიფიცირებაც მალე მოხდება.