ადიგენის სოფელ დერცელსა და კიკიბოში არსებული სადავო მიწების საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

577

ადიგენის სოფლებში, დერცელსა და კიკიბოში არსებული სადავო მიწების საქმე, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადგილობრივები ახალციხის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც შვიდი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო და დაარეგისტრირა. როდის გაიმართება სასამართლო პროცესები ჯერ ცნობილი არ არის.

„საჩივარი მოვამზადეთ, დეკემბერში მიიღო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და ახლა სააპელაციოშია. თუმცა ჯერ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩანიშნული არ არის“, – ამბობს EMC-ის ადვოკატი მერია აღაპიშვილი.

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების. საქმე შვიდი ჰექტარი საძოვრის რეგისტრაციას ეხებოდა.

EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ. 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტარის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადვაო არ არის, რადგან ადგილობრივები თანახმა არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმონ თავისი მიზნების განსახორციელებლად.