ბათუმში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მასშტაბური პროექტები ხორციელდება. “ბათუმის წყალში” აცხადებენ, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების ახალი კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით, შპს „გზა“ ახორციელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი ქუჩა ბათუმში, სადაც წყალარინების 400 მმ. ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს ლეონიძის ქუჩაა. პროექტი ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს. თევრად გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს.
რეაბილიტაციის პროცესს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე ადგილზე გაეცნო.
„ბათუმის მერია აქტიურად ახორციელებს წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქში. ეს მოაგვარებს ათწლეულების პრობლემას ქალაქში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით”, – აცხადებს ბაკურაძე.
„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, ბათუმში, თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე ბათუმის მერიის დაკვეთით ხორციელდება და დაგეგმილია წყალსადენის ქსელის სატუმბო სადგურის, რეზერვუარის და 50კბმ-იანი ავზის მშენებლობა.
„თოდოგაურის ზედა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ 24 საათიანი წყალმომარაგებით 50 ოჯახი ისარგებლებს“, – ამბობს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე.