“მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია” – როდის დაიწყება ახალქალაქის ციხის რეაბილიტაცია

665

ახალქალაქში, XVI საუკუნის ციხის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, კონცეფციის მონახაზი მზად აქვს. შემდეგი ეტაპი – ციხის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებია, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებისთვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება: „ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, გაზაფხულიდან კი დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც დავიწყებთ სარესტავრაციო სამუშაოებს“.

ნიკოლოზ ანთიძე იმედოვნებს, რომ სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს მოესწრება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ახალქალაქის ციხე მე-11 საუკუნეში აიგო. მე-15 საუკუნეში იგი სრულიად დანგრეულა. მე-17 საუკუნეში კი კვლავ აღადგინეს და ოსმალების დაქვემდებარებაში შედიოდა. სავარაუდოა, რომ ციხის ეზოში არსებული მეჩეთიც ამავე პერიოდში აიგო.