20 მილიონი ლარი ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის განავითარებისთვის – რა იგეგმება ადგილზე?

945

ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის განვითარებაში მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ BM.GE-ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ თორნიკე კუჭავამ განუცხადა.

თორნიკე კუჭავა იმასაც ამბობს, რომ ამ პროექტით უკვე მოქმედი სამრეწველო ზონის გაგრძელება და მისი კომუნიკაციებით სრულად აღჭურვა მოხდება. მისი თქმით, ახალ ინდუსტრიულ ზონაზე უკვე არის მოთხოვნა, შესაბამისად, აუქციონზე რამდენიმე მიწის ნაკვეთიც გასხვისდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის განვითარების პროექტი დიდი ალბათობით 2 ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშოების დასრულება კი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

“1 წლის წინ რომ დავაანონსეთ, დავიწყეთ მუშაობა გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულმა კომპანიამ შეადგინა საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ამ ნაკვეთებს მთლიანად კვეთს მაღალი ძაბვის ხაზი, შესაბამისად, „ენერგო პროსთან“ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ეს ძაბვის ხაზები გადანაცვლებულიყო სხვა მონაკვეთზე და გაყოლოდა გზას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ნაკვეთები ინდუსტრიული ზონისთვის გამოვიყენოთ.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა დასრულდა, შესაბამისად, თანხა გავითვალისწინეთ ბიუჯეტშიც. ახლა მიმდინარეობს სატენდერო პირობების დაზუსტება და მალე გამოვაცხადებთ უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი ინდუსტრიული ზონა იქნება უზრუნველყოფილი ყველა ტიპის კომუნიკაციით რაც საჭიროა, ეს არის წყალი, კანალიზაცია, გაზი, გზები, განათება, ინტერნეტი.

არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, აქვე ბათუმის მუნიციპალიტეტმა უნდა განათავსოს სატრანსპორტო ჰაბი, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავს მოიყრის, შესაბამისად, მუშახელი ადვილად მოხვდება დანიშნულების ადგილას“, – აცხადებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის სამრეწველო ზონა ბათუმის პორტიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამრეწველო ზონა აეროპორტიდან 500 მეტრით, სარფის საბაჟოდან 10 კილომეტრით, სარკინიგზო ჩიხებიდან – 4 და 7 კილომეტრით არის დაშორებული. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიას ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონაც ესაზღვრება.